LogoISLganivi.png
 



Georgian language.png English language.png

ისტორია

სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
Bukhari1.png

ისტორია

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამართლის მეცნეირების კვლევას და, შესაბამისად, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას 1957 წელს ჩაეყარა საფუძველი. 1957 წლის დეკემბერში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიხსნა სამართლის მეცნიერების განყოფილება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი თინათინ წერეთელი. პროფესორმა წერეთელმა შემოიკრიბა გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერი იურისტები, რომლებთან ერთადაც გააფართოვა განყოფილების მუშაობის ფარგლები და საგრძნობლად განავითარა იურიდიული მეცნიერება საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. მოგვიანებით, პროფესორ წერეთლის ძალისხმევის შედეგად, ეკონომიკის ინსტიტუტში არსებული სამართლის ცენტრი გაფართოვდა და გარდაიქმნა სექტორად, რის შედეგადაც, ეკონომიკის სექტორთან ერთად, ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი. 1988 წლის ივნისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტთან შეიქმნა სხელმწიფოსა და სამართლის კვლევის დარგთაშორისი ცენტრი, რომელიც 1989 წელს გამოეყო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს და დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. 1991 წლის იანვარს, პროფესორ თამაზ შავგულიძისა და ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა ძალისხმევის შედეგად, ცენტრს მიენიჭა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი და ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი. 2004 წლის ოქტომბერში, საქართველოს მეცნერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამფუძნებლის – თინათინ წერეთლის სახელი. 2005 წლის სექტემბერში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ინსტიტუტს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რითაც ინსტიტუტმა მიაღწია ავტონომიის უმაღლეს დონეს. 2011 წლიდან ინსტიტუტი ინტეგრირდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის სახით.

დღიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამართლის განყოფილების შექმნისა, რაც შემდგომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა, ინსტიტუტში მოღვაწეობენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც ქართული, ასევე იმდროინდელი საბჭოთა იურიდიული მეცნიერების ლიბერალურ განვითარებაში, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფასდაუდებელი ღვაწლი გაიღეს დამოუკიდებელ საქართველოში გაჩაღებული სამართლებრივი რეფორმების წარმატებისათვის. სხვადასხვა დროს ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ გამოჩენლი მეცნიერი იურისტები – თინათინ წერეთელი, ვლადიმერ მაყაშვილი, ისიდორე დოლიძე, დავით ფურცელაძე, მიხეილ კეკელია, გივი ჟვანია, თამაზ შავგულიძე, გიორგი ნადარეიშვილი, თენგიზ ლილუაშვილი და სხვები. ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა მრავალი ლოკალური და საერთაშორისო კონფერენცია, მათ შორის აღსანიშნავია საკავშირო მასშტაბის საერთაშორისო კოლოკვიუმი სისხლის სამართალში, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილ დასავლეთგერმანელ და საბჭოთა მეცნიერთა კვლევების ანალიზს. პროფესორ თინათინ წერეთლის პირადი სამეცნიერო მიღწევებისა და მის მიერ შემოკრებილ მეცნიერთა მოღვაწეობის შედეგად, განსაკუთრებით გაძლიერდა ინსტიტუტის სისხლის სამართლის განყოფილება, რის გამოც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის და საზღვარგარეთაც ფართოდ გავრცელდა „სისხლის სამართლის თბილისის სკოლის“ სახელი. ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები, მიწვეული ექსპერტებისა თუ სახელმწიფო კომისიის წევრების სახით, მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების – კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, სისხლის სამართლის კოდექსის და სხვა მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების შექმნაში. ინსტიტუტის ბაზაზე, პირველად ქართული იურიდიული მეცნიერების არსებობის მანძილზე, შემუშავდა და გამოიცა საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები და საფუძველი ჩაეყარა მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტს, რომლებზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს. ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების ხელმძღვანელობითა და ჩართულობით მომზადდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ორი დამოუკიდებელი გამოცემა.

ინსტიტუტში, წლების განმავლობაში, იურიდიული მეცნიერების საფუძვლებს ეუფლებოდნენ და საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაციებს ამზადებდნენ ახალგაზრდა მეცნეირები, რომელთაც სამენციერო მოღვაწეობის გზას უკვალავდნენ ინსტიტუტის გამოცდილი მეცნიერი თანამშრომლები. წლების განმავლობაში ინსტიტუტს სტუმრობდნენ უცხოელი მკვლევარები, რომლებიც ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობდნენ საკუთარ კვლევით პროექტებზე. ეს ტრადიცია დღესაც წარმატებით გრძელდება. ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები მონაწილეობენ მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში და როგორც სხვადასხვა პრესტიჟული ქართული უნივერსიტეტის პროფესორები, წარმატებით ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის ინტეგრაციას. საპატიო ლექციების პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტში იმართება საერთაშორიო მასშტაბით აღიარებულ უცხოელ მეცნიერთა საჯარო ლექციები, რაც საფუძველს აძლევს ქართველ მეცნიერ იურისტებს კონტაქტები დაამყარონ და ითანამშრომლონ გამოჩენილ უცხოელ კოლეგებთან. ინსტიტუტი, ტრადიციულად, წარმატებით თანამშრომლობს საზღვარგარეთის მნიშვნელოვან კვლევით დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან, ახორციელებს ერთობლივ კვლევით და სასწავლო პროგრამებს. ინსტიტუტს მოპოვებული აქვს სამეცნიერო გრანტები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებიდან. დღიდან მისი დაფუძნებისა, ინსტიტუტის მთავარი ამოცანაა ახალი ცოდნის შექმნა და გადაცემა, რის უწყვეტობასაც ემსახურება გამოცდილ მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა თანამშრომლობა.

მოძიებულია „http://isl.ge/index.php?title=ისტორია&oldid=148“-დან