თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და  სამართლის ინსტიტუტი
Georgian Version საწყისი
ბოლო სიახლეები
Toggle
თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, რომელიც 1957 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნეირებათა აკადემიის სისტემაში, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კვლევით პროექტებს და ხელს უწყობს სამართლის მეცნიერების განვითარებას საქართველოში. ინსტიტუტი წარმოადგენს ფაქტობრივად ერთადერთ კვლევით დაწესებულებას საქართველოში, რომელსაც აქვს წმინდა აკადემიური პროფილი და ორიენტირებულია უშუალოდ იურიდიული მეცნიერებისა და სამართლებრივი პოლიტიკის აკადემიურ ანალიზზე.

ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან, ახორციელებს ლოკალურ და საერთაშორისო სამეცნიერო და ტრეინინგ-პროექტებს. ინსტიტუტი რეგულარულად ღებულობს მოწვეულ მკვლევარებს საზღვარგარეთიდან, რომლებიც ინსტიტუტის ბაზაზე ახორციელებენ სამეცნიერო პროექტებს. ინსტიტუტში ყოველწლიურად იმართება საჯარო ლექციათა ციკლი, რომლებსაც კითხულობენ ცნობილი უცხოელი პროფესორები.

თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები, წამყვანი ექსპერტებისა თუ სახელმწიფო კომისიის წევრთა სტატუსით, წლების განმავლობაში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები, როგორც საქართველოს უზენაესი თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ხელს უწყობენ სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული მართლწესრიგის დამკვიდრებას ქვეყანაში; ასევე, როგორც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, მუშაობენ ახალგაზრდა იურისტებისა და მომავალი სამეცნიერო კადრების აღზრდისათვის.

ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში დაცულია უნიკალური გამოცემები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. ინსტიტუტი გამოსცემს აკადემიური პროფილის ჟურნალს – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მაცნე – რომელშიც ქვეყნდება როგორც წამყვან ქართველ მეცნიერთა ნაშრომები, ასევე ცნობილ უცხოელ მკვლევართა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების თარგმანებიც.